16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დამატებითი განმარტება გაავრცელა - რა წერია პრესრელიზში

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დღეს თავისი გადაწყვეტილება განმარტა და პრესრელიზი გაავრცელა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს მთავრობისგან ითხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და ასევე, უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 

აქვე, სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მომჩივანს, იგივე მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

სტრასბურგი ასევე სთავაზობს მხარეებს, რომ დროებით ზომებთან დაკავშირებით წარმოადგინონ არგუმენტები ორი კვირის ვადაში, ანუ 2021 წლის 24 ნოემბრამდე. "სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა 41-ე წესის შესაბამისად,"- აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

"მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შევთავაზეთ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. სტრასბურგმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მომაწოდოს პოზიცია, მე თვითონ შევამოწმებ ეს რამდენად ადეკვატურია და გაგცემთ პასუხს 24-ში. ეს არის ამბავი. ადეკვატური რომ არ არის და თვითონ უწერია სტრასბურგს, რომ შეუქცევადი საფრთხეა და რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთო, სიცოცხლისთვის შეუქცევადი დაზიანებების საფრთხეა. სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ, ვერ დაამტკიცებს ვერასდროს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი კი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა. 

"პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება, რომ მომჩივანის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თავად მომჩივანს უნდა მოუწოდოს დაჟინებით, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მან 2 კვირის ვადაში უნდა მიაწოდოს ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისი უსაფრთხოების შესახებ,"- აცხადებს ბექა ძამაშვილი. 

დღის ამბები