რატომ მომრავლდნენ კოვიდის ეპოქაში ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები და რამდენია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი - ამის შესახებ ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ექიმთან ვიზიტების გაუმართლებლად დიდი რიცხვი სწორედ "სიცხის" გამო ხდება. თუმცა, "სიცხის" განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ზოგადად, 37C ტემპერატურა მიღებულია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, რობოტივით, აუცილებლად ერთნაირი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და რომ ეს ციფრი აუცილებლად 37-ს ქვემოთ უნდა იყოს. მიღებულია, რომ სიცხედ ითვლება იღლიის ტემპერატურა 37.5-ზე მეტი და პირის ღრუში გაზომილი ტემპერატურა 37.8-38-ზე მეტი.
საქართველოში ყველაზე დამკვიდრებული პრაქტიკაა იღლიის ტემპერატურის გაზომვა, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში პირის ღრუს ტემპერატურას ზომავენ და შედარებით უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე იღლიის ტემპერატურა.
სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ (მათ შორის, კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება, მით უმეტეს, რომ, კიდევ ვიმეორებ, 37.5-მდე ტემპერატურა შეიძლება პათოლოგიური სულაც არ იყოს.
ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამის განმავლობაშიც. საღამოს საათებში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე დილით. ასევე მკვეთრად მერყეობს ემოციურ ფონზე და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას არავითარი პათოლოგია არა აქვს, ამის დაჯერება ძალიან უჭირთ და დაჟინებით მოითხოვენ რაიმე დიაგნოზს. პაციენტის მხრიდან ეს ზეწოლა და ასევე, ზოგჯერ არაკეთილსინდისიერება შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ - ადამიანები გამოკვლევების შედეგების უზარმაზარი შეკვრით, რომელთა უდიდესი ნაწილი სრულიად ზედმეტი იყო და არასაჭიროდ შეიწირა პაციენტის დრო და ფული.
არადა, ასეთ ადამიანებთან ზოგჯერ ძალიან რთულია კომუნიკაცია. მეც, ისევე როგორც რიგითი ქართველი ექიმი, რომელსაც ასევე უჭირს პაციენტის წნეხთან გამკლავება, რაღაც საბაზისო კვლევებს ვუნიშნავ, რომ გარკვეული ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნა პაციენტის ჯანმრთელობაზე და ეს კვლევები ზედმეტი ალბათ არავისთვის არ არის. ამის შემდეგ კი პაციენტმა უნდა დაიჯეროს, რომ აღარ არის საჭირო რაღაც უსასრულო და გაურკვეველი გამოკვლევების ჩატარება. არადა, დაჟინებით მოითხოვს გარანტიას, რომ "არაფერი ჭირს". იმის გარანტია, რომ "არაფერი ჭირს", არავის არასოდეს არა აქვს - არც ნორმალური ტემპერატურის და არც ე.წ. დაბალი სიცხის მქონეს (ანუ 37-37.5). ზოგი პაციენტი უხალისოდ თანხმდება იმაზე, რომ კვლევები აღარ სჭირდება, ზოგიც სხვა, "უფრო ყურადღებიან" ექიმთან ინაცვლებს, რომელიც აგრძელებს გამოკვლევებს და საბოლოოდ შედეგამდე ვერ მიდის, თუმცა შედეგი, ანუ დიაგნოზი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ პაციენტი რეალურად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ამის დაჯერება უჭირს.
ამდენი კვლევის დროს ზოგჯერ რაღაც, სრულიად ტემპერატურასთან კავშირის არმქონე პათოლოგიაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ამ ლოგიკით ადამიანებმა მუდმივად ხომ არ უნდა იკვლიონ ყველა ორგანოთა სისტემა.
მოკლედ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ამ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები. პირველ რიგში იმიტომაც, რომ სიცხის ზომვის ასეთი მასშტაბი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. არადა, მათგან ნაწილს შეიძლება პოსტ-კოვიდი აქვს, ნაწილი კი სრულიად ჯანმრთელია და რატომღაც აუცილებლად უნდა, რომ ტემპერატურა 37-ზე ნაკლები ქონდეს და ეს ადამიანები აშკარად ძალიან იტანჯებიან, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ,"- წერს ექიმი.