20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში.  მისი თქმით, პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და დაეხმარებიან როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები.

ამასთან, ფერაძემ ხვალიდან "მწვანე პასპორტების" ამოქმედებასთან დაკავშირებით უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს "მწვანე სტატუსი", ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს.

"ის უნდა იყოს ვაქცინირებული, იყოს კოვიდგადატანილი, უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ვალიდურიპისიარ“ ტესტი, ან სწრაფი "ანტიგენ" ტესტი 24 საათის განმავლობაში. პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესის და მოქალაქეების სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ორი აპლიკაცია, ესენია, Covid pass და Georgia e-Health. კოვიდპასპორტის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ვიზიტორი, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და სერვისის მიღების მიზნით. უცხოელი ვიზიტორი, როდესაც გადმოკვეთს საზღვარს, წარადგენს კოვიდსტატუსს, ინფორმაცია ავტომატურად აისახება შესაბამის აპლიკაციაში და ამასთანავე, როდესაც ის გადმოიწერს "კოვიდპას" აპლიკაციას, ის შეუფერხებლად შეძლებს იმ სერვისით სარგებლობას, სადაც მოთხოვნილია "მწვანე პასპორტი".

რაც შეეხება აპლიკაციას Geeorgia e-health, ეს აპლიკაცია გამიზნულია იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გეგმავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის შეუფერხებლად რომ მიიღოს ის სერვისები, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშული აპლიკაციით, უნდა ჰქონდეს აპლიკაცია გადმოწერილი და ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებთან, რომელიც მიერთებულია შესაბამის სისტემასთან, უზრუნველყოფს იმ სერვისების მიღებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იქნება ინტეგრირებული.

კითხვების შემთხვევაში ამოქმედებულია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1505, ასევე 1522 და 144. ასევე, ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები. ჩვენი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებასთან ერთად აღვასრულებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილებითაა გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელი ობიექტი არ დანერგავს "მწვანე ბარათების" კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება 2 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განცხადებით, თუ ბიზნესსუბიექტების შემთხვევაში, სისტემური იქნება დარღვევები და საერთოდ არ გამოიყენებს და არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციებს, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, გარკვეულწილად დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის სადამსჯელო. აღნიშნული აპლიკაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკური მდგრადობა ბიზნესის ხანგრძლივი ოპერირებისთვის. ეს არის აპრობირებული და დანერგილი, საკმაოდ კარგად განვითარებული მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში, რომელთაც პანდემიის მართვის გზა აირჩიეს და სწორედ აღნიშნული აპლიკაციების დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება არა შემზღუდველ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნული მეთოდით ეფექტურად და თანამედროვე მიდგომებით იმართოს პანდემია. ასევე შენარჩუნებული იქნება დასაქმების ადგილები და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული. აღსრულების მექანიზმი ახალი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია 2019 წლიდან სხვადასხვა უწყებასთან ერთად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, შემოსავლების სამსახურთან, საპატრულოსთან და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ჩვენ ერთობლივი ძალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ აღსრულებას და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ცხადია, ამ მექანიზმებს ავამოქმედებთ. ამ ეტაპზე აღნიშული გადაწყვეტილება მოლებზე არ ვრცელდება. მოლებში არსებულ კვების ობიექტებზე და სხვა გასართობ დაწესებულებებზე ვრცელდება აღნიშნული აპლიკაციების გამოყენება," - განაცხადა ფერაძემ.

დღის ამბები