დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრას გამართავს. სხდომას ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
მათი განმარტებით, მიუხედავად ბევრი მოთხოვნისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, სასამართლო სისტემაში კვლავ კლანური მმართველობაა.
"ევროკავშირმა საკუთარი დამკვირვებლების ჯგუფი არც კი გამოუშვა ამ გასაუბრებაზე. ამიტომ, სანამ მართლმსაჯულებაში ფუნდამენტური რეფორმები არ დაიწყება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საძაგლობაში, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება", მონაწილეობას არ მივიღებთ,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
დაუჭერს თუ არა მოსამართლეობის შერჩეულ კანდიდატებს მხარს უმრავლესობა, კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი.
"ჩვენ გავესაუბრეთ ოთხივე კანდიდატს, გვქონდა უმრავლესობის ფარგლებში შეხვედრა, კონსულტაციები გუნდში, ჩამოყალიბებულია მთელი რიგი პოზიციები და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კენჭს ვუყრით თითოეულ კანდიდატს. იქ გახდება ცნობილი კომიტეტის პოზიცია კანდიდატებთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე გაგრძელდება პლენარულ სხდომაზე,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.