ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, Pfaizer BioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.
ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე, ან სხვა ვაქცინა.
Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით ("სინოვაკი", "სინოფარმი") აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.