ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში თანდათან სტაბილურდება, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლის ხარჯზე. ლეტალობა ქვეყანაში კვლავ მაღალია. ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ. ექიმები პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კვლავ იმუნიზაციას ასახელებენ და მოსახლეობას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
მედიკოსების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელიც გაიზარდოს, რადგან ბოლო პერიოდში ამ რეკოემენდაციას მოსახლეობა მკაცრად აღარ იცავს.
"საქართველოში კოვიდის მხრივ კვლავ მნიშვნელოვნად დაძაბული სიტუაციაა. შემთხვევების მატება აღინიშნება და დინამიკაში გარკვეული სტაბილიზაციის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი რიცხვია ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ნაწილში. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ დაავადებასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დავიცვათ ინფექციის პრევენციის წესები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ დევი ტაბატაძის თქმით კი, ქვეყანაში სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, რთულია ვირუსის მართვაზე საუბარი.
"სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ გარდაცვალების რაოდენობა მაინც მაღალია. მიუხედავად არაერთი გაფრთხილების და მოწოდებისა, რომ დავიცვათ ისე რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.
რატომღაც ვერ ვღებულობთ წარმატებულ შედეგს და ვერც მივიღებთ, იმ ქვეყანაში სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-მდეა ძალიან რთულია საუბარი სხვა წარმატებებზე,"- განაცხადა დევი ტაბიძემ.