ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შეუფერხებლად შეძლებს კოვიდპაციენტების მიღებას. ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი შტამი, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და მის მართვას განსაკუთრებული მზადყოფნა სჭირდება, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს.
"ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე კოვიდპანდემის მართვის მიმართულებით არის აწყობილი სისტემა, სისტემა ფუნქციონირებს - ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტების ტესტირებას. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ასევე, კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი იმ რიცხვებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესები ასე შეუფერხებლად გაგრძელდეს და ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას.
როგორც ვაკვირდებით, ეს არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი, სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. გამომდინარე აქედან, არის შესაფერისი მზაობა საჭირო, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოს გააჩნია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა დაინფიცირდა 3278. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 3890 ადამიანი განიკურნა ვირუსისგან.