საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის შტამის მასიურად გავრცელების შანსები სადღესასწაულო პერიოდში იზრდება. ექიმების განმარტებით, მეექვსე ტალღის დაწყებას მობილობის გაზრდა დააჩქარებს. მორიგი ეპიდაფეთქებისგან თავის ასარიდებლად კი ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად სწრაფად ჩართვისკენ და რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ეპიდსიტუაცია საქართველოში კვლავ რჩება სერიოზული, თუმცა ბოლო დღეებში მიღწეულია გარკვეული სტაბილიზაცია. ახლოვდება ახალი წელი, ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე ძნელია კოვიდრეგულაციების დაცვა. ალბათ არ მოიმატებს ამ დღეებში ვაქცინაციაზე მოსულთა რიცხვი, რომც მოიმატოს ორ კვირაში ჩვენ ვერ მივაღწევთ სრულ ვაქცინაციას. ამიტომ მთავარი, რამაც უნდა გვიშველოს და გადაგვარჩინოს განსაკუთრებით ომიკრონისგან გამოწვეული სწრაფი მატებისგან ეს არის პირბადეები," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.