რამ გამოიწვია მძაფრი სუნი ბათუმში - ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო. ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
ერთ-ერთი ვერსიით, მძაფრი სუნი გაზს უკავშირდებოდა, გავრცელდა ინფორმაცია ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებითაც, თუმცა შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა მძაფრ სუნთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს 19:00 საათიდან დაიწყეს. მოქალაქეები "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ, რადგან მათ უმეტესობას ქალაქის სხვადასხვა უბნებზე გაზის გაჟონვა ეგონათ.
ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მძაფრმა სუნმა მას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა და მედიკამენტების მიღება მოუწია.
"საშინელი სუნი იყო, რაღაცნაირი მომწამლავი. მგონი პორტიდან მოდიოდა ეგ სუნი. წუხელ ცუდად ვიყავი, თავბრუ მესხმოდა," - განაცხადა მოქალაქემ.
"კურიერი" სოკარის რეგიონულ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. მათი განცხადებით, მძაფრი სუნი ქალაქში არ უკავშირდება "სოკარის" ქსელს, რადგან გაზის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
"ჩვენთან გამოძახებები ყოველდღიურადაა, თუმცა განსაკუთრებული მომატებული რაოდენობა არ ყოფილა. გამოძახებებზე, სადაც გავედით, გაზის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რისი სუნი იყო ვერ გეტყვით, აშკარად რაღაცა სუნი იგრძნობოდა ქალაქში," - განაცხადა "სოკარ ჯორჯიას" აჭარის რეგიონალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.
"კურიერი" ასევე შეეცადა ბათუმის პორტიდან მოეპოვებინა განმარტება, თუმცა ადმინისტრაციასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია.