TBC ბანკის დამფუძნებლები სასამართლოს განაჩენს "ლელოს" ოფისში ელოდებიან. პარტიის ოფისში შეკრებილები არიან მხარდამჭერებიც. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს.
"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სასამართლოს გამართულად არასდროს უმუშავია. მისივე თქმით, ის ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს.
"როდის მუშაობდა გამართულად სასამართლო, რომ დღეს იმუშაოს? მე არ ვიცი პოლიტიკური სპექტრი რა ეტაპზე გადავა, მაგრამ მე რომ გავაგრძელებ ბრძოლას, ეს ფაქტია. გავაგრძელებ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.