კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს დაესხა თავს და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, თავდამსხმელი გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში. ექთნის მდგომარეობა კი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ დამაკმაყოფილებელია. მას თავდასხმის შედეგად სახეზე და ყელზე მრავლობითი ნაკერების დადება დაჭირდა და დაზიანებული ჰქონდა სანერწყვე ჯირკვალიც. შემთხვევა 21 დეკემბერს, ერთ-ერთი რეგიონის კოვიდკლინიკაში მოხდა.
"ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე სალომე ლოლუას განცხადებით, სასამართლოში ექთნის უფლებებს სწორედ მათი ასოციაცია იცავდა. როგორც სალომე ლოლუა ამბობს, ექთანსა და პაციენტს მანამდე რაიმე პირადი დაპირისპირება არ ჰქონიათ და აღნიშნული პირი, მკურნალობას რამდენიმე კვირის განმავლობაში სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.
"ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა, მივიდა, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა," - აცხადებს სალომე ლილუა.
სალომე ლილუა ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირებულია. ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია გმობს ძალადობას სამედიცინო პერსონალზე და სახელმწიფოს მოუწოდებს უფრო ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს მედიკოსების დასაცავად.