COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირის პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას.
როგორც ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ აღნიშნა, ქობულეთის მერია მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობის ინფორმირების საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას.
შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამინისტროს, 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.