ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოში 100 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ეს არის აქტიური შემთხვევის დადასტურებული ფაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ბევრად მეტია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვები არ აისახება კლინიკების დატვირთვაზე. მთელი სიმძიმე ახლა ოჯახის ექიმებზე და ამბულატორიებზე გადადის.
"ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ამჯერად მხოლოდ ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსი 17 500 ადამიანს დაუდასტურდა. შედეგად საქართველო მთელ მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით მე-10 ადგილზეა, ევროპაში კი-მე-7-ზე. შედარებით დაიკლო გარდაცვლილთა რაოდენობამ, თუმცა კლინიკებში კვლავ რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ათეული პაციენტი.
"ომიკრონი" ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს, თუმცა დამატებითი რესურსების გამოყენება ჯანდაცვის სამინიტროს ჯერ არ სჭირდება. მინისტრი ამბობს, რომ პაციენტების მართვა შეფერხების გარეშე ხორციელდება. ონლაინ-კლინიკები, ოჯახის ექიმები, კოვიდმიმღები განყოფილებები, ლაბორატორიები და ამბულატორიები მაქსიმალურად მობილიზებულია.
კოვიდმიმღებ განყოფილებებში ჯერ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა არ არის, თუმცა რეკორდული ციფრების პარალელურად არ გამორიცხავენ მედპერსონალის დამატება გახდეს საჭირო.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ "ომკრონი" სწრაფად ჩამოაყალიბებს საკმარის საზოგადოებრივ იმუნიტეტს და ვირუსის გავრცელება ამით შეჩერდება.
მანამდე კი ყველა თანხმდება, რომ ვირუსის რეკორდული მაჩვენებლებიდან რეკორდული ვარდნა მხოლოდ რეგულაციების დაცვას და ვაქცინის გააქტიურებას შეუძლია. ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 42, 2% აცრილი. "ბუსტერი"კი 137 ათასამდე ადამიანს აქვს გაკეთებული.