რა ხდება მაშინ თუ ადამიანს კორონავირუსი აფთიაქში შეძენილი ტესტის გაკეთების შემდეგ დაუდგინდა და როგორ მოხვდება ის საერთო ბაზაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "ღამის კურიერში" ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, აუცილებელია ტესტის პასუხი იყოს ოფიციალური, ამასთან სისტემაში მოსახვედრად არ გამოდგება არც ანტისხეულების კვლევა.
"ამ შემთხვევაში ის სისტემაში, როგორც გადატანილი ვერ მოხვდება, ანტისხეულების კვლევას ამ მიზნით არცერთი ქვეყანა არ იყენებს, რადგან ანტისხეულების ტიტრი შესაძლებელია იყოს მომატებული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუნდაც ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში, ამდენად ეს არ არის დღეს ვალიდური საფუძველი დიაგნოზის დადასტურებისთვის.
ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, რადგან ჩვენი დაკავშირება ევროკავშირის სისტემასთან მოითხოვს იმას რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გვქონდეს ტესტის პასუხი გადატანილი დიაგნოზის უკან," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.