ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაცია რეგიონებში გრძელდება. პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან დღეს იმერეთში, ტყიბულის თეატრის დარბაზში შედგა. ქალაქის მერმა მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებისთვის, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში, 200- ლარიან ერთჯერად დანამატს ითვალისწინებს. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს მიიღებენ.
წამახალისებელი კამპანიით ისარგებლეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სადაც უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთონ.
ფულად წახალისებას და ახალ პროგრამას დადებითად აფასებენ სამეგრელოში. სოფელ პირველ მაისში ამბობენ, რომ ვაქცინაციის წახალისების პროგრამა იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ. სოფელ შროშასა და ნატანებში, ვაქცინაცია შესაძლებელია ,"სინოვაკით,“ "სინოფარმითა“ და "ფაიზერით". მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ.
იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვას ურჩევენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებსა და მშობლებს დუშეთში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს.
ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას კვლავაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ იმუნიზაციის გააქტიურების მიზნით , ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ქვეყნის ყველა რეგიონში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.