27 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
ევროპარლამენტარები უკრაინიდან ბრიუსელში დაბრუნდნენ - დეპუტატები რუსეთის მოსალოდნელ აგრესიასა და უკრაინის ქმედით მხარდაჭერაზე ამახვილებენ ყურადღებას

ევროპარლამენტის დელეგაცია უკრაინიდან ბრიუსელში დაბრუნდა. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ცხრა ევროდეპუტატი ქვეყანაში ერთი მისიით იყო წასული, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა. ვიზიტის შედეგები ევროპელმა კანონმდებლებმა დღეს კოლეგებს გააცნეს.

"უკრაინაში არსებული სიტუაცია მთელი ევროკავშირისთვის ტესტია. ჩვენ დავაფიქსირეთ უკრაინაში მკაფიო პოზიცია, რომ ევროკავშირი არის ერთიანი გამოწვევის პირისპირ და ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან 21-ე საუკუნეში ჩვენს კონტინენტზე ძველებური სტილით გავლენის სფეროების მოპოვება," - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა დევიდ მაკალისტერმა.

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა:

"რუსეთი ახდენს უკრაინაზე სამხედრო, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება კიბერთავდასხმები და დეზინფორმაცია, ეს ამ დრომდე გრძელდება. პოლიტიკოსები უზრუნველყოფენ, რომ მოსახლეობაში არ გაჩნდეს პანიკა. ქვეყანაში არსებობს ძლიერი მზადყოფნა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის პროვოკაცია . არავის სურს უკრაინაში ომი, ქვეყანა პრობლემის გადაჭრას დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ხედავს," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი ყურადღებას რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო მობილიზებაზე ამახვილებს:

"ასეთი უპრეცედენტო სამხედრო მობილიზება რუსეთის მხრიდან არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ . დიდი ხანია არ მახსენდება ასეთი რამ, რომ მეზობელმა მასზე პატარა ქვეყანას ალყა შემოარტყას . მე როგორც გერმანელს 1978 წელი და ჩეხოსლოვაკიის მაგალითი მახსენდება. ამიტომ აუცილებელია ეს დრამატული სიტუაცია მხედველობაში მივიღოთ," - განაცხადა მაიკლ გალერიმ.

ევროპარლამენტარი ტონინო პიკულას თქმით, პუტინის ამბიციური გეგმებიდან უკრაინა ფაზლის უკანასკნელი ნაწილია, რომ საბჭოთა კავშირი შექმნას, ასეთ კრიზისს კი აუცილებელია ევროკავშირმა ერთიანი პოზიციით უპასუხოს.

"სამწუხაროდ ბოლო 8 წელია უკრაინისთვის ომის საშიშროება რეალურია . პუტინის ამბიციური გეგმებიდან უკრაინა ფაზლის უკანასკნელი ნაწილია, რომ საბჭოთა კავშირი შექმნას . ის შევიდა ყაზახეთში უკანასკნელი კრიზისის დროს, ის არის ბელარუსში. ასეთ კრიზისს კი აუცილებელია ევროკავშირმა ერთიანი პოზიციით უპასუხოს," - აცხადებს ტონინო პიკულა.

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინისთვის გამოიძებნოს ერთგვარი შუალედური სტატუსი, რაც წევრობის გარეშე უზრუნველყოფს უკრაინის ინტეგრაციას ერთიან ბაზარზე:

"ევროკავშირს შეუძლია გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები არამხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ ეკონომიკისა და პოლიტიკური კუთხითაც. რაც უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებით შეიძლება მოხდეს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ინტეგრაციის შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ერთგვარი შუალედური სტატუსი, რაც წევრობის გარეშე უზრუნველყოფს უკრაინის ინტეგრაციას ერთიან ბაზარზე," - განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი ვიტოლდ ვიშნიაკოვსკი კი ეჭვს გამოთქვამს რუსეთთან დიალოგის ეფექტიანობასთან დაკავშირებით:

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთთან მეტი დიალოგი მეტ მშვიდობას მოგვიტანს. ჩვენ ვართ ილუზიებში თითქოს დიალოგით შევძლებთ რუსეთმა ევროკავშირთან ითანამშრომლოს. გვახსოვს შრედერი და სხვები, რომლებიც გაკოტრდნენ და მოსყიდული იყვნენ რუსეთის მხრიდან . ეს კი სრულიად განსხვავებული ტრენდია, - აცხადებს ვიტოლდ ვიშნიაკოვსკი.

დღის ამბები