ომიკრონის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას უალტერნატივოდ მიიჩნევენ. იმუნიზაციის ტემპის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფები რეგიონებში ჩადიან და მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცრიან. ამჯერად, ასეთი მობილური ჯგუფები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდნენ.
ხარაგაულის გარდა, ვაქცინაციის კამპანია გრძელდება ჭიათურაშიც. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამცრელ პუნქტამდე მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა მერიამ უზრუნველყო.
ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრებიც, სადაც მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
აჭარის მსგავსად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, რისი დასრულების შემდეგაც, მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, სპეციალისტების შეფასებით, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.