20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
გავიქცეთ თუ არა გარეთ მიწისძვრის დროს - სპეციალისტების რჩევები

მიწისძვრა არის მიწის მოულოდნელი, სწრაფი ბიძგები, რომლებიც გამოწვეულია მიწისქვეშა ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებით

რა უნდა გაითვალისწინოს აქტიურ ზონაში მცხოვრებმა და როგორია მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ - სამოქალაქო უსაფრთხოების წესები  თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

კატასტროფამდე

გახსოვდეთ, მიწისძვრის შემთხვევაში მოქმედების წესები სახლში, სკოლაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში ყოფნისას. წინასწარ შეისწავლეთ და განსაზღვრეთ საფრთხის შემცველი ადგილები თქვენს სკოლასა და სახლში, განსაზღვრეთ უსაფრთხო ადგილი თქვენი სახლის ყველა ოთახსა და საკლასო ოთახში.

გაეცანით სკოლის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმებს;

ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ კატასტროფისას სათანადო მზადყოფნისა და რეაგირების საოჯახო გეგმა
განსაზღვრეთ თავშეყრის პუნქტი სკოლის და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;

დაიმახსოვრეთ ქალაქის საგანგებო ზარი/ტელეფონის ნომრები;

დაიმახსოვრეთ, რომ მიწისძვრის დროს საშიშია შენობების გარე და შიდა კედლების დიდი შემინული ღიობები, კუთხის ოთახები და ლიფტი;

ნუ დაკიდებთ თაროებს საწოლის თავზე;

სარკეები და მძიმე სურათები მოარიდეთ საწოლს;

მკვიდრად მიამაგრეთ თაროები კედელზე; მყარად დადგით კარადები იატაკზე; ჩამოიღეთ ზედა თაროებიდან მძიმე საგნები; არ დააწყოთ მინის ნივთები თაროზე;

არ დადგათ საწოლები დიდ ფანჯრებთან, გარე კედლებთან ან შემინულ ტიხრებთან;

ნუ ჩახერგავთ ბინაში შესასვლელს, დერეფანსა და კიბის ბაქნებს;

არ დააწყოთ გაზქურასთან ახლოს აალებადი ნივთები;

ელექტრო წყალგამაცხელებელი საიმედოდ უნდა იყოს მიმაგრებული. რადგან მიწისძვრის შემდეგ ის წყლის საუკეთესო რეზერვუარი ხდება, შეეცადეთ, არ დააზიანოთ იგი;

იქონიეთ საგანგებო აღჭურვილობა და მარაგები (წყალი, არამალფუჭებადი საკვები, ელექტროფანარი, პირველადი დახმარების სამედიცინო ნაკრები და ა.შ.).

კატასტროფის დროს

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ ჩავარდებით პანიკაში!

თუ მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე მაგიდის, ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა არ შეწყდება.

იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით და იატაკზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში;

თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება ჩამოვარდეს
ნუ ეცდებით შენობის სასწრაფოდ დატოვებას, რადგან მიწისძვრის დროს ხალხი უმეტესწილად იმიტომ იღუპება, რომ შენობიდან გამორბის და, მისი ჩამოქცევის შემთხვევაში, ნანგრევების ქვეშ ექცევა;

ნუ გახვალთ კიბეზე, აივანზე ან ლიფტში;

კარის ღიობი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძალიან ძველი და თქვენც დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ;

თუ მიწის რხევის დროს თქვენ იმყოფებით ქუჩაში, მოერიდეთ შენობებთან სიახლოვეს. შეეცადეთ, გახვიდეთ ღია სივრცეში და მოერიდოთ ელექტოგადამცემ ხაზებს;

თუ სახლში ხართ, სწრაფად გამორთეთ ელექტრომოწყობილობა და გადაკეტეთ გაზი;

თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ კარი გაიჭედა, ნუ შეგეშინდებათ, ეს შენობის დეფორმაციითა გამოწვეული. ნუ შეგაშინებთ, ასევე, ჭურჭლის, მინის და სხვა მსხვრევადი საგნების ხმაური; ეს თან სდევს მიწისძვრას;

თუ საწოლში ხართ, არ გაინძრეთ, დაიფარეთ თავზე ბალიში შესაძლო ტრავმების ასაცილებლად;

თუ მიწის რხევას შეიგრძნობთ მანქანაში, ან სხვა რაიმე ტრანსპორტში, დარჩით შიგნით და თავი აარიდეთ შენობების, ხიდებისა და ხეების ქვეშ გაჩერებას. მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. მეტად უსაფრთხოა, თუ შიგ დარჩებით, რადგან მანქანასაც შეუძლია თქვენი დაცვა;

თუ მიწისძვრის დროს ქიმიის კაბინეტში ხართ, ან ისეთ ლაბორატორიაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება, ბიძგების შემდეგ შეეცადეთ დატოვოთ ეს ოთახი, რადგან, შესაძლებელია, ქიმიური დაზიანების მიღება;

თუ მთიან მხარეში ხართ, მოერიდეთ ქვათაცვენასა და მეწყერს, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიწისძვრის შემდეგ.

კატასტროფის შემდეგ

იყავით მშვიდად და არ აჰყვეთ პანიკას. თქვენ აუცილებლად გაგიწევენ დახმარებას!

პირველ რიგში, შეამოწმეთ თქვენი თავი შესაძლო დაზიანებებთან დაკავშირებით; შემდეგ - ირგვლივ მყოფების მდგომარეობა. თუ ეს ვერ შეძელით, დაელოდეთ მაშველთა რაზმის მოსვლას;

მიწისძვრის შემდეგ, შენობის დატოვებიდან 2-3 საათის განმავლობაში ნუ დაბრუნდებით უკან, თუ ამის აუცილებლობა არ არის, რადგან შესაძლოა, მიწისძვრა განმეორდეს;

შენობაში დაბრუნებისას შეამოწმეთ, არის თუ არა ხანძრის კერა: სუსტი ხანძრის შემთხვევაში, შეეცადეთ მის ჩაქრობას;

გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია გაზის გაჟონვა, ელექტროსადენების დაზიანება;

გამოიყენეთ მხოლოდ ელექტროფანარი; არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლოთ ნავთის ფანრით, ან სანთლით;

თუ საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია, მოერიდეთ ტუალეტით სარგებლობას;

საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი საკვები და კონსერვები;

მიაწოდეთ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს თქვენი მეზობლების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა მოხუცები და ა.შ.) შესახებ;

რადიომიმღებით უსმინეთ ინფორმაციებს მიწისძვრის შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები