ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალია - მას შემდეგ, რაც საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო, დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში მხოლოდ 342 მოქალაქე აიცრა.
სპეციალისტების პროგნოზით, პოპულაციური იმუნიტეტი საქართველოს გვიან გაზაფხულისთვის ექნება და დიდი ალბათობით ქვეყანაში გასულ 2 წელთან შედარებით მშვიდი ზაფხული იქნება.
სანამ ახალი შტამი გამოჩნდება, ძველი "ომიკრონი" დაღმასვლას განიცდის. ჯერ არ გამქრალა კიდევ უფრო ძველი - "დელტა" შტამი. სწორედ "დელტას" გართულებებით და გახანგრძლივებული ავადობით რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდ პაციენტების უმრავლესობა. "ომიკრონის" შტამით ინტენსიურ განყოფილებაში იშვიათ შემთხვევაში ხვდებიან. იკლო სტაციონარში მიმართვიანობამაც და თავისუფალი საწოლების რაოდენობა კლინიკებში ახლა საკმაოდ ბევრია. ბოლო დღეების განმავლობაში შემსუბუქდა სიტუაცია ბავშვთა კოვიდ კლინიკებშიც.
შეინარჩუნებს თუ არა "ომიკრონის" შემცირებული სტატისტიკა სტაბილურობას? - ამ კითხვაზე პასუხი ეპიდემიოლოგებს ხვალისთვის უნდა ჰყონდეთ. როგორც წესი, კვირის განმავლობაში სწორედ სამშაბათია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. კოვიდ სტატისტიკა ხვალ დილის 11 საათისთვის განახლდება და სპეციალისტებისგან ეპიდსიტუაციის ახალი შეფასებები გახდება ცნობილი.