04 მაისი 2024,   17:04
ვრცლად
2800 სამხედრო, 80-მდე ტანკი და 516 ჯავშანმანქანა - როგორია უკრაინის შეიარაღებული ძალების შედეგები ოკუპანტების წინააღმდეგ 

40 საათი ომის დაწყებიდან - ცა, ზღვა, ხმელეთი - უკრაინა ყველა მხრიდან იბომბება. მთელი ყურადღება ახლა კიევისკენ არის მიპყრობილი, რომლის მიმართულებითაც რუსეთმა უკვე 100-ზე მეტი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

მთავარი ბრძოლა და მთავარი სამიზნე სწორედ დედაქალაქია, რომელიც ამ წუთებშიც ემზადება მორიგი შტურმის მოგერიებისთვის. მთელი უკრაინის მასშტაბით მიმდინარეობს დივერსანტების გაუნებელვყოფა, ვრცელდება მათი ცხედრების კადრებიც. ოფიციალური კიევის ცნობით, მარტო ბოლო ერთ დღეში ათასი რუსი სამხედროა დაღუპული.

არიან ტყვედ აყვანილებიც. კიევის დასაცავად ქალაქში ამ წუთებში დამატებითი უკრაინული სამხედრო ტექნიკა შედის. დედაქალაქი მესამე მძიმე ღამისთვის ემზადება. მოხალისეებზე გაცემულია 18 ათასი ავტომატური იარაღი. პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლება ფარად იყენებს ბავშვებს და მოხუცებს, თუმცა დღეს გამთენიისას ყველამ ნახა კადრები ცეცხლმოკიდებული და ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსისა, რომელსაც რუსული ჭურვი მოხვდა.

ბოლო ცნობებით, კიევი გაწმენდილია დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან, თუმცა რუსეთი არ აპირებს გაჩერებას. 

ამასთან, კიევის მერია მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს შეამოწმონ მათი სახურავები, ხომ არ აქვს რაიმე სახის ნიშნული, არსებობის შემთხვევაში კი ის გადაღებონ ან რამე გადააფარონ, რათა არ მოხდეს კორპუსის იდენტიფიცირება, ვინაიდან შესაძლებელია ეს იყოს დივერსიული ჯგუფების მიერ დატოვებული ნიშანი.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის მტკიცებით, ამ დრომდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს:

80-მდე ტანკი

516 ჯავშანმანქანა

7 ვერტმფრენი

10 სამხედრო თვითმფრინავი

20-მდე ფრთოსანი რაკეტა

2800 სამხედრო.

დღის ამბები