02 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
ამ წუთებში, კიევისკენ რუსული შეიარაღებული ძალები მიემართებიან - განახლებული ცნობები უკრაინიდან

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში, რუსული შეიარაღებული ძალები კიევისკენ მიემართებიან. დედაქალაქში კვლავ კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ განგაშის შემთხვევაში შეუძლიათ. კომენდანტი ხვალამდე გაგრძელდება, ვინაიდან, არის თავდასხმის რეალური საფრთხე.

დღეს კიევში 16 სართულიანი შენობის ეზოზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც 7 კერძო ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დედაქალაქში რუსული ჯარები არ იმყოფებიან, თუმცა უკრაინელი სამხედროები და სამართალდამცველები აგრძელებენ დივერსანტების აღმოჩენას.

"მეგობრებო, კიევი აგრძელებს თავის დაცვას. დედაქალაქში რუსული ჯარები არ იმყოფებიან. მაგრამ ჩვენი სამხედროები და სამართალდამცველები აგრძელებენ დივერსანტების აღმოჩენას და განეიტრალებას. მთელი ღამის განმავლობაში იყო შეტაკებები.

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე დიდი დივერსიული ჯგუფი. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ სწორედ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დავაწესეთ ხვალ დილამდე კომენდანტის საათი. გარეთ არ გახვიდეთ. გასვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალის დროს თავშესაფარში მიდიხართ.

რუსეთი უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. რუსეთი უკრაინელებს მთელ უკრაინაში კლავს. კიევში 24 თებერვალს თავდასხმის დაწყების შემდეგ დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი. 4 უცნობი პირი და 18 სამხედრო და მოხალისე მებრძოლი. დაშავდა 106 ადამიანი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქეა.

კერძოდ, სამი ბავშვი. დაჭრილთა შორის არის შორის 17 წლის იუნკერიც. კიევში ყველაფერს ვაკონტროლებთ, ყველა მნიშვნელოვან და სამხედრო ობიექტს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მეტროსადგურები არ მუშაობს და შენობები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი.

ყველას მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლიათ სისხლის გაღება, განსაკუთრებით რეზუს უარყოფითის, ჩააბაროთ შესაბამის ცენტრში, რათა საჭიროების შემთხვევაში, ამ კუთხითაც მობილიზებული ვიყოთ. ჩვენი არმია, ჩვენი ღირსეული სამხედროები აგრძელებენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. დიდება უკრაინას და დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინას იცავს,"-აცხადებს კიევის მერი ევგენი მოსიუკი.

ინტენსიური ბრძოლის ეპიცენტრი დღეს ხარკოვია, რომელსაც სრულად აკონტროლებს უკრაინა, უკრაინული პრესა აცხადებს, რომ უკრაინელებმა ქალაქი რუსი ოკუპანტების გაწმინდეს, თუმცა იქ დღის განმავლობაში მოძრაობდა რუსული საბრძოლო ტექნიკა. ოკუპანტები საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისროდნენ, რის გამოც მოსახლეობას რეკომენდაცია მიეცა არ გასულიყვნენ სახლიდან. ასევე, ვრცელდება კადრები, თუ როგორ იწვის ქალაქში შესული რუსული ტექნიკა. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი სტრატეგიულ ობიექტებზე კეთდება: სამხედრო ბაზებზე, აეროპორტებზე. ღამით ოკუპანტებმა გაზსადენიც ააფეთქეს, რამაც, შესაძლოა, კატასტროფული ზიანი მიაყენოს გარემოს.

სოციალური ქსელებით ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეომასალა, სადაც ასახულია, როგორ ემზადებიან რიგითი მოქალაქეები მტრის დასახვედრად. ვიდეოში ჩანან ქალები, ავშვები, მამაკაცები, რომლებიც საკუთარი ხელებით აკეთებენ ქვიშის ბარიკადებს. გარდა ამისა, რიგითი მოქალაქეები ამზადებენ ე.წ. მოლოტივის კოქტეილებსაც, რომ დაიცვან თავი. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მოხალისეებზე გაცემულია 40 000 ავტომატი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დღეს კიევის თავზე 2 ვერტმფრენიც ჩამოაგდო. ჯამში, საბრძოლო მოქმედებები დაწყებიდან დღემდე, 30 მდე ვერტმფრენია ჩამოგდებული - დანაკარგის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.

ვრცელდება მაროდიორობის ამსახველი ვიდეო მასალაც, კადრები ხარკოვშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ ბანკს, ეძებენ ფულს და ამტვრევენ ტექნიკას. დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ოპერატიული ინფორმაციაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოკუპანტებს აღარ აქვთ საკვები და საწვავი, შესაბამისად, რუსი სამხედროები არამხოლოდ ბანკებს ძარცვავენ, არამედ სუპერმარკეტებსაც.

ასევე, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რიგითი მოქალაქეები რუსულ ტანკს წინ უდგებიან და არ აძლევენ ქალაქში შესვლის შესაძლებლობას. ეს კადრები გადაღებულია ჩერნოგოვში - ეს არის ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ უკრაინაში და დაახლოებით 150 კილომეტრით დაშორებულია კიევს. ვიდეოში ჩანს, რომ ადგილობრივები ალყაში აქცევენ რუსულ ტანკს და არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ დღეს რუს ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

 
დღის ამბები