06 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
რუსეთი უკან დახევას არ გეგმავს, უკრაინა ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას ითხოვს - რა საკითხებზე მსჯელობენ ბრესტში რუსეთის და უკრაინის დელეგაციები

ორი დღის შემდეგ უკრაინული დელეგაცია რუსეთთან შესახვედრად კვლავ ბელარუსში, ამჯერად ქალაქ ბრესტში ჩავიდა - ქალაქში, სადაც რუსეთმა საუკუნის წინ პირველ მსოფლიო ომში გერმანიასთან ზავს მოაწერა ხელი. დავით არახამია მოლაპარაკებებზე უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან ერთად ჩავიდა, მოსკოვს კი კვლავ რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ხელმძღვანელობდა. ვლადიმერ მედინსკიმ მედიასთან პირველი კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

შეხვედრის პარალელურად, ფრონტის ხაზზე ვითარება უცვლელი იყო. შეტაკებები ყველა მიმართულებით გრძელდება. მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული შეთავაზებებით ჩავიდნენ. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ადგილზე ჩაფრენამდე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა რომ პროგრამა მინიმუმი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაა.

უკრაინული მხარე პირველად ალაპარაკდა დროებით ზავზეც. მოლაპარაკებების დაწყებამდე ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მტერს საბრძოლო ტაქტიკა შეაცვლევინეს და უკან დაახევინეს.

მოსკოვის მოთხოვნები უცვლელია. სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს. რუსული მხარე მოითხოვს ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღიარებს და უკრაინის ნეიტრალიტეტს, რომელიც კონსტიტუციით იქნება გარანტირებული.

ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას დღეს სატელეფონო საუბარში განუცხადა რომ რუსული არმია უკან არ დაიხევს და უკრაინას სრულად დაიკავებს. სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთი გაგრძელდა. ხვალ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საგანგებო სხდომაა ჩანიშნული, დეპუტატებმა უკრაინის კრიზისზე უნდა იმსჯელონ.

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2 დღის წინ ქალაქ გომელთან გაიმართა. 5 საათიანი შეხვედრის ერთადერთი შედეგი კი მხოლოდ ის იყო, რომ მეორე რაუნდი იქნებოდა.

დღის ამბები