"ეს არის მესიჯბოქსი სწორედ აკერმანისეული მიდგომიდან, რომ რევოლუციისთვის საჭიროა მსხვერპლი,"- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება საპროტესტო აქციებზე შესაძლო ფატალური შემთხვევასთან დაკავშირებით.
ანრი ოხანაშვილის თქმით, თითოეულ რადიკალურ ნაბიჯს გაეცემა ადეკვატური, სამართლიანი და მკაცრი პასუხი.
"ეს განცხადებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც რადიკალურ დაჯგუფებას. ეს არის მესიჯბოქსი სწორედ აკერმანისეული მიდგომიდან, რომ რევოლუციისთვის საჭიროა მსხვერპლი. ისინი მიყვებიან იმ მესიჯბოქსს, იმ მიდგომას, რასაც აკერმანი მათ ასწავლის, რომ რევოლუციისთვის მსხვერპლია საჭირო.
კატეგორიულად ვაფრთხილებთ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომ ფიქრადაც არ გაივლონ ეს საკითხი. თითოეულ რადიკალურ ნაბიჯს ექნება აბსოლუტურად ადეკვატური, სამართლიანი და მკაცრი პასუხი,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.