02 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, ეს მთავრობის საქმეა...დღეს იმპიჩმენტზე საუბარი ზედმეტია - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია, როდესაც საგარეო ვიზიტი, მთავრობასთან შეუთანხმებლად განახორციელა. 

მამუკა მდინარაძემ ასევე შეკითხვას, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, უპასუხა, რომ დღეს იმპიჩმენტზე საუბარი ზედმეტია:

"სამწუხაროდ, საჭირო გახდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, მისი გამიჯვნისა და კომპეტენციების, უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან, თავისი თქმით, უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე განახორციელა კონკრეტული ვიზიტი, ეს არის დარღვევა. მაგრამ, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ წერილობითი უარი ჰქონდა მას იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, საგარეო სფეროში განახორციელოს ქვეყნის პოლიტიკის აღსრულება. ამის მიუხედავად ისე დაგეგმა ვიზიტი, რომ არ შეატყობინა მათ. უფრო მეტიც, მისი წარმომადგენელი მიწვეული იქნა სპეციალურ სხდომაზე, სადაც გარკვეული რისკების შესახებ განემარტა. შემდეგ, როდესაც ჩვენ ბიუროზე გვამუნათებდნენ, რომ პრეზიდენტი უნდა მოსულიყო დაჩქარებული წესით და მოეთხრო მის ვიზიტებზე, გუშინ ამასთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. ეს კი, როგორც მინიმუმ, ალოგიკურია. 

სამწუხაროდ, დღეს უკრაინის თემას რიგი პოლიტიკოსები მხოლოდ პიარული მიზნებისთვის იყენებენ. ახლა, უკრაინის თემა ყველაზე ემოციურია, მათი მხრიდან დანახულს ვიტყვი, რომ პოპულარულია.

რა ჩამოიტანა, ამის შედეგი რა იყო? შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ეს შეხვედრები ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შედეგი რა მივიღეთ? პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, ეს მთავრობის საქმეა. პრეზიდენტს ბევრი სიმბოლური კომპეტენცია აქვს და არის ერთადერთი გამონაკლისი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, მხოლოდ მთავრობის თანხმობით.

პრემიერმაც თქვა, არ იცოდა მთავრობამ თუ რა გეგმით მიდიოდა პრეზიდენტი, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ მან არც კი ჩააყენა არავინ საქმის კურსში.  შემთხვევით რომ იგებს მთავრობა გამოგზავნილი წერილით იმის შესახებ, რომ მე მივდივარ ხვალ სადღაც და თუ შეიძლება თანხმობა მომეცითო და ამ დროს საერთოდ არ იცის მთავრობამ, სად მიდის, რაზე მიდის და რას აკეთებს ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

ჩვენ კონსტიტუციის დარღვევას, არ შეიძლება ტექნიკური საკითხი ვუწოდოთ. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს საჭირო გახდა ჩვენი პოლიტიკური სვლა, რომ ერთი განმარტება გაგვეკეთებინა ამაზე. 

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა სახეზე იყო, თუმცა არ მგონია უმრავლესობაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ ახლა დაიწყონ საუბარი იმპიჩმენტზე. დღეს იმპიჩმენტზე საუბარი ზედმეტია.

იმპიჩმენტზე ჩვენ საუბარი არ გვექნება, დღეს ამისი დრო არ არის. იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, ეს არის პარლამენტის დისკრეცია, ანუ იმპიჩმენტის საფუძველი გაწერილია კონსტიტუციით, მაგრამ, ამ იმპიჩმენტს გამოიყენებს თუ არა, ეს პარლამენტის კომპეტენციაა. შესაბამისად, ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე მივდივართ, რომ ამ შემთხვევაში, ამაზე არ ვიფიქროთ და ეს დამატებითი უხერხულობები აღარ შევქმნათ. ჩვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში ყველა, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული, კარგად გაერკვეს თავის უფლებამოსილებაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დღის ამბები