საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გუშინ ყველამ ნათლად დაინახა "სახელმწიფო გადატრიალების უსუსური მცდელობა".
ალუდა ღუდუშაურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდება, თუ ფიქრობს, რომ ადამიანებს წააქეზებენ და ამით მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.
"ეს ადამიანები არიან მიჩვეული მონურ ფსიქოლოგიას, როდესაც მიშა სააკაშვილი პანჩურებს ურტყამდა, დღესაც ამ ბედოვლათს მისტირიან, ეს ადამიანები ვერასდროს გათავისუფლდებიან. ამ ადამიანებისთვის თავისუფლებაზე, ეროვნულობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია.
ხალხი გამოიყენეს ფარად. თუ ფიქრობენ, რომ გვერდიდან წააქეზებენ, როგორც ახლა იქცევიან უპასუხისმგებლოდ და მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ მიმდინარე პროცესებზე, ძალიან შემცდარან," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე რადიკალურმა ოპოზიციამ და პროტესტანტების ნაწილმა არაევროპულობის კარგი მაგალითი აჩვენეს.
"საზოგადოებამ იხილა, რეალურად, ვინ არის ძალადობის მომხრე, ვინ მოუწოდებს ძალადობისკენ, ვინ ანგრევს საქართველოს პარლამენტს და ვის სურს საქართველო დააშოროს ევროპას," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.