02 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
შესაძლოა ერთი შეცდომაც კი დამღუპველი აღმოჩნდეს, ფუჭად გასაწირი სიცოცხლე საქართველოს ნამდვილად არ აქვს - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტში, სადაც სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, ტრიბუნიდან უმრავლესობის წარმომადგენლებმა უმთავრესი ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დაუთმეს. 

მათ რუსული პოლიტიკის პროპაგანდაზეც ისაუბრეს და ამ კონტექსტში "ალტ ინფო" ახსენეს. დიმიტრი ხუნდაძემ "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლებს კითხვა დაუსვა:

"დღეს ყველაზე დიდი გმირობა იმ ბეწვის ხიდზე გავლაა, რომელზეც საქართველო დგას. ბრძოლის ველზე გმირული ისტორიების სიმწირეს არასოდეს განვიცდით, გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილების სიმწირეს კი, ხშირად. ბუნებრივია სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია, ერთი შეცდომაც კი დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ჩვენი ეროვნული ინტერესი უნდა იქცეს სიფრთხილის მსხვერპლად.

ფუჭად გასაწირი სიცოცხლე საქართველოს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება, ვინმე სახლში დარჩება. არ შემიძლია არ შევეხო ახლად დაფუძნებული "კონსერვატიული პარტიისა" და მისი ტელევიზიის "ალტ ინფოს" ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას - ერთი კითხვა მაქვს მათთან, ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ, თუ ისევ საკუთარ ოფისებში დარჩებით?"- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კი, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც საქართველოზე კარგად ესმის თუ რა ხდება დღეს უკრაინაში და რისი გადატანა უწევთ უკრაინელებს:

"ძნელია რამეზე სერიოზულად ილაპარაკო, როდესაც ასეთ ცილისმწამებლურ და ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს ისმენ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პატივისცემა გმირ უკრაინელ ხალხს. არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც ჩვენი უკეთ ესმოდეს რაც ხდება დღეს უკრაინაში. არ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენზე მეტად არავის გამოუცდია ის აგრესია, რაც ოკუპაციას მოსდევს. 

რას აკეთებს საქართველო უკრაინის დასახმარებლად, ამაზე ვისაუბრეთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ის განცხადება რომელიც რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან როდესაც საქართველოს  ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობას აბრალებ. ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს,"- აღნიშნავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

 

დღის ამბები