01 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
კობახიე-შოლცის იდენტური განცხადებები - რატომ გამოიწვია უმრავლესობის წევრმა ოპონენტების კრიტიკა, მაშინ როცა გერმანიის კანცლერის პოზიცია მისაღებია

გერმანიის კანცლერის და პარტიის თავმჯდომარის განცხადებები დღეს ერთმანეთს შეადარა მმართველმა გუნდმა და კიდევ ერთხელ შეაფასეს ოპონენტების დამოკიდებულება, რომლებიც ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებენ, თუმცა შოლცს ეთანხმებიან.

"ქართული ოცნების" განმარტებით, ორივე განცხადების შინაარსი იდენტურია. გერმანიის პირველი პირი წერს, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს არის პუტინის ომი და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე. უმრავლესობამ დღეს ოპონენტებს შეახსენა, რომ ირაკლი კობახიძეც ამბობდა, რომ დისკრიმინაციული მიდგომა დაუშვებელია ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, მისი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.

გერმანიის პირველ პირს არა, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კვლავ აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძემ დისკრიმინაციულ მიდგომაში საკუთარი მოქალაქეები დაადანაშაულა, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ოპოზიციაში სხვაგვარად აღიქვეს გერმანიის კანცლერის გზავნილი.

ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობა. მმართველ გუნდის თქმით, ოპონენტების განცხადებები კვლავ მათი პარტიული და პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული ნეგატიური განცხადებების პარალელურად, ანტიდისკრიმინაციული კანონის გამკაცრება ქართული ოცნების თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ირაკლი კობახიძე განმარტავდა, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება დაუშვებელია და დისკრიმინაციულმა მიდგომებმა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას. 

დღის ამბები