საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა. ისინი საკლასო ოთახებამდე განათლების მინისტრმა პირადად მიაცილა და ახალი მეგობრები გააცნო. მინისტრმა სკოლების ადმინისტრაციასა და უკრაინელი ბავშვების მშობლებთან მოსწავლეების საჭიროებები განიხილა.
საქართველოს განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას.
"ვუმასპინძლეთ უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 58 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს სკოლებში," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
უკრაინის მოქალაქის განცხადებით, ისინი მოხარულნი არიან, რომ მათი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ.
"მადლობა გულთბილი მიღებისთვის არ ველოდით ასეთ დახვედრას, სასიამოვნო ატმოსფეროა. ოჯახის წევრებივით თბილად მიგვიღეს. ბავშვები ბედნიერები არიან და მათ თვალებში მადლიერების ცრემლებს ვხედავ. მინდა ამ სკოლას მადლობა გადავუხადო გულთბი8ლი მიღებისთვის და გვიხარია, რომ ჩვენი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ," - უკრაინის მოქალაქე ტატიანა კორენ.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა.