02 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა - Bellingcat

საგამოძიებო ვებგვერდი "ბელინგქეთი" წერს, რომ დელეგაციის 3 წევრს, რომელიც 3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრებოდა, აღენიშნებოდა სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამვლას ახასიათებს. ერთ-ერთი მათგანი რომან აბრამოვიჩი იყო.

მოლაპარაკების რაუნდი 3 მარტს შუადღისას დაიწყო და დაახლოებით, 22 საათამდე გაგრძელდა. 

კიევში დაბრუნების შემდეგ, მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს დაეწყო სიმპტომები - მათ შორის, თვალისა და კანის ანთება და თვალების ძლიერი წვა. სიმპტომები დილამდე გაგრძელდა.

"ბელინქგეთის" ინფორმაციით, მოლაპარაკებაში ჩართული ჯგუფი შემდეგ დღეს კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი - პოლონეთის გავლით სტამბოლში გაემგზავრა, რომ რუსულ მხარესთან არაფორმალური მოლაპარაკებები გაეგრძელებინა.

"ბელინგქეთი" წერს, რომ ქიმიური იარაღის სპეციალისტის თქმით, სიმპტომები ძალიან ჰგავს ქიმიურ მოწამვლას, ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით. 

კიდევ ერთი ვერსიით, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, გამოყენებული იქნა მიკროტალღური დასხივება. 

სიმპტომები მომდევნო კვირის განმავლობაში შესუსტდა. "ბელინგქეთის" მტკიცებით, სამმა პირმა, რომელსაც მოწამვლის ნიშნები ჰქონდა, სიმპტომების გამოვლენამდე მხოლოდ წყალი და შოკოლადი მიიღეს. კიდევ ერთ პირს, რომელმაც იგივე წყალი და შოკოლადი მიიღო, სიმპტომები არ გამოვლენია. 

დღის ამბები