08 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ხვალ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება - ოპოზიციაში დარღვევებზე საუბრობენ

ხვალ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების იმედი არ აქვთ და დარღვევები უკვე შეინიშნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ თუ იოტისოდენად თავისუფლად ჩატარდება არჩევნები, ძალიან დამაჯერებლად და თავისუფლად გაიმარჯვებს ოპოზიციური კანდიდატი. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვხედავთ დარღვევებს, გადაწერის ნიშნებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 1000-ზე მეტი ადამიანი არის გადაწერილი წინა არჩევნების შემდგომ პერიოდში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" ისევ მორიგი სამარცხვინო არჩევნების ჩატარებას აპირებს,"- აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.

"ქართული ოცნებაში" კი დარწმუნებული არიან, რომ პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდება, თუმცა ოპონენტების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავენ. "ყველა წინაპირობაა შექმნილი სათანადო დონეზე არჩევნების ჩასატარებლად, რაიმე ხარვეზების არსებობა მოსალოდნელი არ არის. ალბათ იქნება გარკვეული მცდელობები ვითარების ესკალაციის, რადგან ძნელად პროგნოზირებადია, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ქმედებები, თუმცა არ მგონია, რომ რაიმე რეალური შედეგის მიღწევა შეძლონ ამ მიმართულებით. ისევე, როგორც არ მგონია შედეგის მიღწევა შეძლონ არჩევნების გზითაც. "ქართული ოცნების" კანდიდატები შეძლებენ გამარჯვება მოიპოვონ, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ ხვალ ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის რუსთავის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ, რადგან პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

 
დღის ამბები