08 სექტემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას - მამუკა მდინარაძე

2 აპრილს, შაბათს, რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც მოქალაქეები პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის კანდიდატების უპირატესობაზე ისაუბრა.  მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატების უპირატესობის შესახებ ინფორმაცია აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც, სწორედ ამიტომ მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ბათუმში პროვოკაციებს გეგმავს.

"მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება, როგორც ჩანს სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს გასული დღეების განმავლობაში  სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც სავარაუდოდ ხვალ ტელეეკრანებიდან ვიხილავთ. მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების  თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის მერად არჩევის შემდეგ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. რუსთავში  "ქართული ოცნების" კანდიდატს, ირაკლი შატაკიშვილს დაუპირისპირდებიან მამუკა ტუსკაძე, პარტიიდან "სოციალური სამართლიანობისათვის" და კამალ მურადხანოვი, "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან".

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში "ქართული ოცნების" კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მათე ფუტკარაძე დაუპირისპირდება. საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მათე ფუტკარაძე სწორედ მისი შვილია. ბათუმის არჩევნები, როგორც ოპოზიციისთვის ასევე მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგი გადაწყვეტს მყარი უმრავლესობის ბედს და იმას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მმართველი გუნდი შეძლებს თუ ოპოზიცია.

დღის ამბები