08 სექტემბერი 2024,   03:38
ვრცლად
გარდაბანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

33-ვე უბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დილის 8 საათზე გაიხსნა. უკვე 4 საათზე მეტია მოქალაქეები ხმას აძლევენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "კურიერის" გადამღები ჯგუფი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა.

"ამ დროისათვის არცერთი ხარვეზი ან საჩივარი არ შემოსულა," - აცხადებს #21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილი.

"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის" დამკვირვებელი ლევან მახათაძე ამბობს, რომ უბნები წესების მიხედვით გაიხსნა და ჯერჯერობით დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. 

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ბათუმში უბანია გახსნილი. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა. 

დღის ამბები