08 სექტემბერი 2024,   03:38
ვრცლად
შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია - ორივე ოლქში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს

შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია. ცესკომ მონაცემები უკვე შეაჯამა რომლის მიხედვით ორივე ოლქში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს. ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ ხმების 69.1 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას - პარტიის კანდიდატს მათე ფუტკარაძეს 30.9 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად გაიმართა შუალედური კენჭისყრა რუსთავი-გარდაბანის ოლქში. აქ 90.61%-ით გამარჯვებულია ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ნებისმიერ არჩევნებს გარკვეული ხარვეზები ახლავს, თუმცა აღნიშნულ არჩევნებზე ასეთი შემთხვევები უმნიშვნელო იყო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

"კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. 

დღის ამბები