რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ოდესაზე. რამდენიმე აფეთქების ხმა ზღვისპირა ქალაქში დილის საათებში გაისმა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად დაშავებულები არ არიან. განადგურებულია ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი, თუმცა კონკრეტულად რა ობიექტებზეა საუბარი ოფიციალური წყაროები არ აკონკრეტებენ.
მძიმე ვითარება დახვდათ უკრაინელ სამხედროებს ბუჩაში, ქალაქის ქუჩებში ათობით დაცხრილული ადამიანის ცხედარია, რომელთაც ხელები აქვთ შეკრული. დანაღმულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში 8 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
"რუსი სამხედროები წერენ მასიურ ანგარიშებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. პერსონალის შესავსებად, რუსეთის ხელმძღვანელობა აწარმოებს კამპანიას სამოქალაქო პირების შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისკენ. მსგავსი ღონისძიებები ტარდება როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის ოლქების და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება ომის წარმოების შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა ოლექსანდრ სტუპუნიმ.
გასული ღამე შეაჯამეს ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყებაშიც.
"დონეცკის ქვედანაყოფების შეიარაღებულმა ძალები დაეუფლა ნოვაბახმუტოვის დასახლებული პუნქტის დიდ ნაწილს. ამავე რაიონში ნაციონალისტების 40-მდე ადამიანი განადგურებულია, ასევე განადგურებულია ტანკები. დღეს დილით მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე საჰაერო და საზღვაო იარაღით გავანადგურეთ კრემენჩუგის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზა, სადაც საწვავი ინახებოდა. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით ჩამოგდებულია ორი უკრაინული ვერტმფრენი და ასევე განადგურებულია 24 უპილოტო უპილოტო საფრენი აპარატი. ღამის განმავლობაში ოპერატიული ტაქტიკური ავიაციის ძალებმა იერიშები მიიტანეს უკრაინის 67 სამხედრო ობიექტებზე," - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
გარდა ამისა, შეტევა წამოიწყეს ოკუპანტებმა დონბასზეც. ღამის განმავლობაში მათ ჰქონდათ 6 წარუმატებელი მცდელობა უკრაინელი სამხედროების მიერ გამაგრებულ პოზიციებზე. განადგურებულია რუსული არმიის ჯავშანტექნიკა და ავტომობილები, დანაკარგებზე ცოცხალი ძალის კუთხით ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ ვრცელდება.