08 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
უკრაინის ვიცე-პრემიერს მივმართავ, ძვირფასო კოლეგავ, გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება, ეს რეალობაა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და დეზინფორმაცია უწოდა.

წულუკიანი  უკრაინის ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება, რათა ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, საქართველოს ბრალი ვერ იქნება თუ უკრაინა, სამწუხაროდ, "საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა". 

"გუშინ ვნახეთ გაუგონარი დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაცია მართავს, თუ აწყობს არხებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს გარკვეული ტიპის კონტრაბანდისთვის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ ვნახეთ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ძალიან ემოციური, ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც ის ეკითხება ქართველ ხალხს, რა დაგიშავეთ ასეთი, რომ ასეთი მთავრობა გყავთო?! მოკლედ ეს იყო რეზიუმე იმ ძალიან ძნელად მოსასმენი, ბევრი წუხილითა და გაუსაძლისი ტკივილით დატვირთული ვიდეო-მიმართვისა. ამ მიმართვისას ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საუბრობდა როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქე და მისივე სახელმწიფოს ვიცე პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მეც მიწევს ამაზე საუბარი როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს და ჩემი ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო, ქალბატონ ვერეშჩუკს და ასევე ჩვენთვის ძალზე ძვირფას უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გავიზიარო ჩემი მთავრობის, მთელი ჩვენი ხალხის სახელით ის დიდი ტკივილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ენით აღუწერელ სისასტიკეებთან.

სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს," - აღნიშნა წულუკიანმა.

დღის ამბები