"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი თანაპარტიელთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ყველაზე სასტიკი ომის დროს ქართველების კრემლში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა. მოსკოვურ შეხვედრებს ესწრებოდა ე.წ. რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტი აგასი არაბიანი, რომელიც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.
ირმა ინაშვილი რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ამავე კომიტეტის წევრს 4 აპრილს შეხვდა. მათთან საერთო ფოტოც გადაიღო, "კურიერს" კი მოუყვა, რომ მოსკოვში ქვეყნის დასაცავად ჩავიდა. პარტიის ლიდერს უკრაინაში არც ადამიანების სასტიკი ხოცვა უკვირს და იმასაც ამბობს, რომ მსგავსი მსხვერპლი ომის თანამდევია.
იმისთვის რომ ომი საქართველოშიც არ დაიწყოს, გამოსავალს ინაშვილი სამხედრო ნეიტრალიტეტში ხედავს და ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებთან სალაპარაკოდ შესაბამისი დროა. არა მხოლოდ პარტიის, არამედ ხალხის სახელითაც. იხსენებს რუსეთში საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ვიზიტებს და მიაჩნია, რომ მოსკოვში ჩასვლით არაფერი შავდება.
სანამ შეხვედრებს მოსკოვში მართავენ, თბილისში "პატრიოტთა ალიანსის" პატრიოტიზმზე არაერთი ვერსია ისმის. ალიანსის ქმედებები ანტისახელმწიფოებრივად და მოღალატეობრივად უკვე შეფასდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ პუტინთან ახლა სალაპარაკო არაფერია და ხელისუფლებას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
უმრავლესობა კატეგორიულად გმობს "პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტს მოსკოვში. მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთთან მით უფრო ნეიტრალიტეტზე სასაუბრო არაფერია, თუმცა "ქართულ ოცნებაში" არც მათი ოპონენტების პოლიტიკური წარსული ავიწყდებათ.