მაშინ, როცა ომზე საუბარი მშვიდობას ანაცვლებს - ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებს საგანგებო დანიშნულება ეძლევათ. წყალი, კონსერვები, მედიკამენტები, ფანარი და რადიო - ევროპული სახელმწიფოების ინსტრუქციებში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეებმა უნდა მოიმარაგონ პროდუქტი, სასმელი წყალი და მედიკამენტები იმ მომენტისთვის, თუ ჩვეული ცხოვრება შეწყდება. თუნდაც: ომის, წყალდიდობის, კიბერშეტევების, დივერსიებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების შეფერხების დროს. ყველამ უნდა იცოდეს, სად შეაფაროს თავი და როგორ დაეხმაროს სხვას. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში უსაფრთხოების პოლიტიკა სახლის კარსაც აღებს, საფრთხეებისთვის მზადება კი რიგითი ევროპელებისთვის ყოველდღიურ დავალებად იქცა.
"ამ კრიზისმა მძიმე გაკვეთილი გვასწავლა. ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის აქ - ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტისთვის" - ეს განცხადება ბრიუსელში 3 ნოემბერს გაკეთდა. მზადყოფნის ახალ ევროპულ სტრატეგიაში მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, სახლში ჰქონდეთ სულ მცირე 72 საათის განმავლობაში არსებობისთვის საჭირო მარაგი. ბალტიის ქვეყნებმა ამ მიმართულებით მზადება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყეს. ლატვიამ განაახლა გზამკვლევი "72 საათი", ლიეტუვამ გამოსცა ახალი ინსტრუქცია "თუ კრიზისი, ან ომი დაიწყება", ესტონეთმა კი კრიზისების მართვის გზამკვლევები 600 000 ოჯახს დაურიგა.
შარშან დიდმა ბრიტანეთმა წამოიწყო კამპანია "მოემზადე", საგანგებო სიტუაციებისთვის რეკომენდაციები განაახლეს გერმანიამ და პოლონეთმა. ახალი ინსტრუქციები გამოაქვეყნეს ჩეხეთმა, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ. მოსახლეობას განახლებული გზამკვლევები სკანდინავიურმა ქვეყნებმაც წარუდგინეს. თუმცა, სამოქალაქო მზადყოფნა ევროპული უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის მხოლოდ ერთი ნაწილია, მეორე მიმართულებას სამხედრო ამოცანები და კონკრეტული ვადა აქვს: 2030 წელი.
ევროკავშირის გეგმა შეიარაღების წარმოების დაჩქარებას, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამხედრო ძალების სწრაფი გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
მთავარი სცენარი რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვალა. ევროპელი ლიდერების ნაწილი სამხედრო დაპირისპირებას უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზეც არ გამორიცხავს.
საფრთხეზე საუბრობენ ვარშავაშიც. 17 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარლამენტს დაზვერვის სამსახურის შეფასება გააცნო.
სამხედრო დაპირისპირებას 2030 წელზე ბევრად ადრე პროგნოზირებდნენ ტალინში. მაისში ესტონეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური ამბობდა, რომ მოსკოვმა ნატოს გამოცდა შესაძლოა სწორედ წელს გადაწყვიტოს.
საფრთხე, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ გაქრება. ამაზე უკვე ნატოს გენერალური მდივანი საუბრობს. მარკ რუტეს განცხადებით, დღეს რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაშია მობილიზებული, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ეს უზარმაზარი არმია ევროპის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას შექმნის.
თუმცა, ევროპაში დავა მხოლოდ იმაზე არ მიმდინარეობს, როდის შეიძლება დაიწყოს ახალი ომი. პოლიტიკური დაპირისპირების საგანი თავად ბრიუსელის კურსიცაა: ევროკავშირის გადაწყვეტილებები ამცირებს კონფლიქტის საფრთხეს, თუ პირიქით, ზრდის მას?
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კი ნატოს ზოგიერთ წარმომადგენელს უკრაინაში მიმდინარე ომის რუსეთსა და ალიანსს შორის პირდაპირ დაპირისპირებად გადაქცევის მცდელობაში ადანაშაულებს.
მსგავსი პოზიცია აქვს საფრანგეთში მარინ ლე პენსაც, რომელიც ფრანგი სამხედროების ომში გაგზავნის წინააღმდეგ გამოდის.
ევროპის შიგნით ორი განსხვავებული მიდგომა იკვეთება. ერთი მხარე სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას რუსეთის შეკავებისა და ახალი ომის თავიდან აცილების პირობად მიიჩნევს. მეორე კი შიშობს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოებამ შესაძლოა ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილებები ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებებსაც შეიცავს. თუმცა, შეიარაღების გაზრდისგან განსხვავებით, უკრაინაში ომის დასრულების კონკრეტული პირობები კვლავ შეუთანხმებელია.
ევროპა 2030 წლისთვის სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას გეგმავს. უკრაინაში კი ომი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.
და სანამ ევროპელ მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ მოემზადონ შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტისთვის, პოლიტიკური ლიდერების წინაშე მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება: როგორ უნდა დასრულდეს ერთი ომი ისე, რომ ევროპა მეორეში არ აღმოჩნდეს?