ზღვის ხმა, მზით განათებული ქუჩები, ბავშვობის მეგობრები, პირველი სიყვარული და ქალაქი, რომელიც ოდესღაც შენი სახლი იყო...
სოხუმი... 1992 წელი - ფილმის მთავარი გმირი ომამდელ სოხუმში ცხოვრობს. იქ, სადაც ზღვა მშვიდია, აფხაზეთი მხოლოდ ომით არ უნდა გვახსოვდეს- რეჟისორის მთავარი სათქმელი ეს არის. იმ ეპოქაში არა დოკუმენტური ქრონიკის მიხედვით, არამედ ერთი ადამიანის პირადი მეხსიერებით გვაბრუნებს.
სიუჟეტი პირად ისტორიებზე გვიყვება. პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა სოხუმიდანაა, პერსონაჟის მსგავსად 13 წლის იყო როცა სახლი დატოვა.
ზოგჯერ ადამიანს დაკარგული სახლის დაბრუნება არ შეუძლია, ვერც დროს დააბრუნებს, ვერც იმ ზაფხულს რომელიც ომმა ნაადრევად დაასრულა. მაგრამ შეუძლია შეინარჩუნოს მოგონება. რეჟისორმა თაობის მეხსიერება 18 წუთიან ანიმაციად გარდაქმნა.
ეკრანს მიღმა სამყაროში ყველაფერი ხელითაა შექმნილი. თოჯინები, დეკორაციები, ქალაქის მინიატურული არქიტექტურა. თითოეული მოძრაობა, თითოეული კადრი დიდი შრომის შედეგია. შესრულების ტექნიკა შემთხვევითი არჩევანი არ არის.
სიტყვების გარეშე მოთხრობილი ამბავი უფრო ემოციურია, აქ არავინ ჰყვება როგორია ომიდან გაქცევა, სად მთავრდება ბავშვობა ან რას ნიშნავს უკან დაბრუნება. ფილმში სიჩუმე უბრალოდ თხრობის ფორმა კი არა დაკარგული დროის ენაა.
ქართულმა ანიმაციამ უკვე 500-ზე მეტი ქალაქი მოიარა, 100 000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე წარდგა. პრემიერა საფრანგეთში ანესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე შედგა. შემდეგ იყო ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი, სადაც ორი ჯილდო მიიღო - საუკეთესო დიზაინისთვის და მაყურებლის პრიზის საპატიო აღნიშვნა. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ლაიფციგის 69-ე საერთაშორისო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც.
სანამ ერთი, ომგამოვლილი ქალაქის ისტორია მსოფლიო ფესტივალებს მოივლის, შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს - ჯემალ ქარჩხაძის "იგი" ახალი სახეებით და ახალი სათქმელით ანიმაციაში გაცოცხლდება. იქნებ სხვა ქართული ფილმების გვერდით მომავალ ოსკარზე ერთ ოთახში გადაღებული როცა ზღვა იყო მშვიდიც მოხვდეს.