08 ნოემბერი 2026,   19:02
ვრცლად
ილია ჭავჭავაძემ ნათლად დაგვანახა, რომ სამშობლოს სამსახური უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ მომავალ თაობებსაც გაუზიაროთ - გივი მიქანაძე​

ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. ყვარელში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო სიტყვით გამოსვლებიც.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ილია ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებაში, ქართული ენის, განათლებისა და კულტურის განვითარებაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ილიას მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გაზიარება:

"ილია ჭავჭავაძემ უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივი განვითარების საქმეში. მან ქართული ენის, განათლებისა და კულტურის განვითარება ეროვნული გადარჩენისა და ქვეყნის წინსვლის მთავარ საფუძვლად აქცია. თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძემ ნათლად დაგვანახა, რომ სამშობლოს სამსახური უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა მისი დანატოვარი, ეს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ მომავალ თაობებსაც გაუზიაროთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გავაგრძელოთ მისი ღირებულებების დამკვიდრება", - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.

დღის ამბები