08 ნოემბერი 2026,   17:02
ვრცლად
კრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს

პოლონეთში, კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურორ ტომაშ ვაშჩუკის განცხადებით, უწყება კრაკოვში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტერორისტულ აქტად განიხილავს.

მოტივზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებები ზუსტად ამ მიმართულებაზე მიუთითებს.

შემთხვევა შაბათს, კრაკოვის ბაზრის მოედანზე მოხდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ექვსი ადამიანი შეეწირა. პოლიციის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დევნისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, სროლამდე ცოტა ხნით ადრე, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ცხედარი იპოვეს.

პოლონურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სტროვეც-შვენტოკშისკიში მდებარე ბინაში ნაპოვნი სამი პირი თავდამსხმელის მშობლები და და არიან. ანტიტერორისტული სამსახურები ბინას მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ.

გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ცხრამდე გაიზარდოს, თუკი გამოძიება დაადასტურებს, რომ თავდამსხმელი მშობლებისა და დის მკვლელობაზეც არის პასუხისმგებელი.

24 წლის თავდამსხმელი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ოფიციალურად არ დაუკითხავთ.

გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე სხვა პირთა მონაწილეობა არ იკვეთება, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. შს მინისტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი შესაძლოა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

კრაკოვის მთავარი მოედანი ამ დრომდე გადაკეტილია, ხოლო პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები