ბოიკოტი ბათუმის საკრებულოში - სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე ოპოზიციამ განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადის და სხდომაზე მისვლას არ აპირებს. იმისათვის, რომ სხდომა ჩატარდეს, საჭიროა საკრებულოს 18 დეპუტატი.
საკრებულო 3 მაისამდე ვერ შეიკრიბება და არ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობების პირების არჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
"არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმიტომ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავესწროთ რიჟვაძისა და ჩიქოვანის სანახაობას. "ქართულ ოცნებას" მოუწევს ყველაფერზე პასუხისგება," - ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რამაზ ხარაზი.
"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის ქმედებას დესტრუქციის მცდელობა უწოდეს და თქვეს, რომ ისინი პატივს არ სცემენ ამომრჩევლის ნებას. საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყებას არ გამორიცხავენ.
"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია მოქმედებს შეთანხმებულად, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს დღევანდელ საკრებულოს სხდომას. ისინი უარს ეუბნებიან ხალხის არჩევანს და 70%-ით ამომრჩევლის მხარდაჭერილ კანდიდატს, ანალოგიას ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დამისახელებთ. შესაბამისად ეს განიხილება ჩვენს მიერ როგორც გაგრძელება იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომელსაც მიეჩვია საზოგადოება ენმ-ს მხრიდან და რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ მხარი აუბა "ლელომ" და გახარიას პარტიამ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი თენგიზ აფხაზავა.