სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე - ოკუპანტების მიერ გაშვებული მომწამვლელი ნივთიერებით დაზარალებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აზოვის პოლკის ინფორმაციით, მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ, მაღალი წნევა, გამონაყარი თვალებზე და სუნთქვის უკმარისობა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენება ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში ფოსფორის ბომბები გაუშვეს. კიევის პოლიციამ ბუჩას რაიონში გზატკეცილზე რუსი სამხედროების მიერ ჩაცხრილული მანქანა იპოვა, რომელშიც სამი ქალისა და ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
პარალელურად, ქართველი მებრძოლების ცხედრები გადაასვენეს კიევში. 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა იზიუმში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლნენ. ცხედრები კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
"ვიყავით 12 კაციანი ქართული ქვედანაყოფი სპეცოპერაციაზე ჩვენი მეთაურის გოჩა ხორავას მეთაურობით, რა დროსაც მოგვიწია მტერთან პირდაპირი კონტაქტური ცეცხლით შებრძოლება, რა დროსაც ვერ გაგვიმკლავდნენ და გამოიყენეს მძიმე არტილერია. ამ დროს დაიღუპნენ ის ჩვენი ქართველი მეომრები," - აცხადებს ქართველი მებრძოლი რატი შურღაია.
აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა. თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს რუსმა ოკუპანტებმა.
"ოკუპანტებმა მარიუპოლში სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს ადამიანები, რადგან სრულ ბლოკადაში ვართ, რუსები კი თავიანთი დანაშაულის კვალს შლიან. იმის მიუხედავად, რომ რუსებმა მარიუპოლში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ყველამ მხოლოდ ქიმიური თავდასხმის შემდეგ დაიწყო მარიუპოლზე საუბარი, თუმცა ქალაქს ყოველდღიურად ესხმიან თავს საჰაერო და საზღვაო ძალები, ისევე როგორც ფოსფორის ბომბები," - ამბობს დენის პროკოპენკო.
ერთ-ერთი დაშავებული ქიმიური თავდასხმის ადგილიდან - მარიუპოლიდან საჭირო ევაკუაციაზე საუბრობს.
"დაუყოვნებლივ გვესაჭიროება ამ ადგილიდან ევაკუაცია, ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა ვართ და ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ზედიზედ სამი შეტევა განხორციელდა, გონება დავკარგე, ძლივს გადამარჩინეს. სიარული არ შემიძლია," - ამბობს დაშავებული.
როგორც სამხედრო ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგი აცხადებს, რამდენიმე დაშავებულს ქიმიური იარაღისგან გამოწვეული სიმპტომები აღენიშნება.
"ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე დაშავებული, რომელთაც ქიმიური იარაღისგან გამოწვეული სიმპტომები აქვთ, მათ შორის ჰიპერემია, მაღალი წნევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ანთება. ჩვენ მათ ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ," - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგმა.