დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია დილიდან მიმდინარეობდა. წირვა სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. შემდეგ მრევლს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ მიმართა და მათ ბზობის დღესასწაული მიულოცა.
მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან ერთად უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მორწმუნეები მათთვის უდიდეს საუფლო დღესასწაულს მარადმწვანე ხის ტოტებით ულოცავენ ერთმანეთს და დღევანდელი დღის სიმბოლოს - ბზას, კურთხევის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შეინახავენ.
ბზობას ანუ იგივე ბაიაობას, დილიდან აღნიშნავენ ყველა დიდ მოქმედ ეკლესიაში. იმერეთში, ბაგრატის ტაძარში წირვა ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა აღავლინა, დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს გონებისა და გულის განწმენდა ურჩია.
სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოება აუწყა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა. დღესასწაული, რომელიც მე- IV საუკუნიდან იღებს სათავეს, დილიდან აღნიშნეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარშიც.
ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი, ზეიმით შეეგება. შეკრებილი ხალხი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდა.