08 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება NATO-ს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება NATO-ს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში. ამით მან პასუხი გასცა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, 9 აპრილის ნაცვლად ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნებოდეს 8 მაისს, როგორც ეს ევროპაშია მიღებული.

პროექტის ავტორები საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ - ბიურომ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა. როგორც დებატებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, 9 მაისი არასწორი თარიღი არ არის. მან ამ კონტექსტში დროის სარტყელზე გაამახვილა ყურადღება.

"როდესაც გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი მოეწერა, ეს იყო 8 მაისი, 23:00 საათი. ბერლინში საღამოს 11:00 საათი იმას ნიშნავს, რომ თბილისში დილის 02:00 საათი იყო - ამიტომ თბილისში იყო 9 მაისი, ბერლინში - 8 მაისი. შესაბამისად, ორივე თარიღი მისაღებია,"-განაცხადა სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრების მხრიდან აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ თავად ომის ვეტერანებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებაა საჭირო, ვინც ეს დღე მოიტანეს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას მიმართა, რომ საქართველო ფაშიზმზე გამარჯვებას უნდა აღნიშნავდეს ევროპის ქვეყნებთან და არა რუსეთთან ერთად, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელია.

"რუსეთი 9 მაისს, როგორც იდეოლოგიურ იარაღს ე.წ. Русский мир-ის ჩამოსაყალიბებლად იყენებს. საქართველოსთვის, რომელმაც განაცხადი ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებაზე შეიტანა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ ფაშიზმზე გამარჯების დღე მაინც აღინიშნოს, როგორ ეს ევროპულ ქვეყნებში აღინიშნება,"- განაცხადა ვაშაძემ ბიუროს სხდომაზე.

"შრომის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა - თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ მოამზადეს.

დღის ამბები