08 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
10 წელი "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან - როგორ აფასებენ მმართველი გუნდის საქმიანობას ოპოზიციასა და უმრავლესობაში  

"ქართული ოცნების" 10-წლიან საქმიანობას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიცია დაშვებულ შეცდომებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლების ოპონენტები შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ. 

"ქართული ოცნების 10-წლიანი მმართველობის პერიოდის ყველაზე ზუსტი არბიტრი იქნება საქართველოს მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ 10 წლის განმავლობაში ეს იყო არა "ქართული ოცნება", არამედ ქართული ფიასკო. ყველა იმედი, ყველა ოცნება, რომელიც უკავშირდებოდა ახალ ხელისუფლებას, ყველა დაპირება, რომელიც გაცემული იყო, პრაქტიკულად, შეუსრულებელია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ იყო არა ერთი მიღწევა, თუმცა, თავის დროზე, პარტიის დატოვება მაინც გადაწყვიტა. 

"2012 წელს აუცილებელი იყო გარდატეხა მომხდარიყო მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც" მიღწევა არა ერთი ჰქონდა. მაგრამ, პირადად მე, როგორც ერთმა დეპუტატმა და პარტიის ერთ-ერთმა წევრმა დავტოვე "ქართული ოცნება", თავის დროზე იყო ის, რომ დადებითმა ვეღარ გადაწონა ნეგატიური,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური. 

10-წლიანი საქმიანობის შეფასებისას მიღწევებზე საუბრობენ მმართველი გუნდის დეპუტატები. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ბოლო წლებში ადამიანის უფლებები დაცულია და თავისუფლების ხარისხი გაცილებით გაზრდილი.

"ადამიანის ღირსება და ადამიანი, რომელიც დადგა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში, სამშობლო, საქართველო ყველაფერზე მაღლაა, ყველანაირ ამბიციაზე მაღლა ეს ორი რამ არის, რაც ჩადო ქართული ოცნების საფუძველში მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რასაც ემსახურება დღემდე ეს პარტია.

სრული ტერორი, კონტროლი თითოეული ადამიანის ცხოვრების წესის, ეს იყო ცხოვრების წესი და ამ ფონზე მოვიდა "ქართული ოცნება", შეძლო მოეპოვებინა ქართველი ხალხის ნდობა და ნდობას დღემდე ამართლებს." - აცხადებს სოზარ სუბარი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სრულად დამოუკიდებელია.

"ამ იდეამ და ამ ჩანაფიქრმა გაამართლა და შეუძლებელია რომ უბრალოდ მადლიერებით არ განეწყო იმ კაცის მიმართ, რომელმაც ამ იდეას საფუძველი ჩაუყარა და რეალურად ხორცი შეასხა და საქართველოს გამარჯვება განაპირობა. ეს გახლავთ რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. დღეს საქართველოს პროგრესს განაპირობებს სწორედ ქართული ოცნება და მისი ღირებულებების სისტემა, რომელიც ამ შემთხვევაში არის დომინირებული," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები