25 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
უკრაინელი ბავშვებისთვის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა - პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები და ნოუთბუქები გადასცა

უკრაინელ მოსწავლეებს თბილისში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება კვლავ შეუძლიათ. მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი განახლდა. დღეს პრემიერ-მინისტრი მოსწავლეებს საკუთარ შვილებთან ერთად ესტუმრა, მათ სააღდგომო საჩუქრები და "ნოუთბუქები" გადასცა.

მოსწავლეებს სკოლაში უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი ექნებათ. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, პედაგოგებიც უკვე შერჩეულია, მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი პედაგოგები.

უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი ამ დროისთვის 211-მა მოსწავლემ გამოთქვა. სამინისტრომ ისინი უკვე უზრუნველყო საჭირო ინვენტარით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის სკოლებში, შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ და ისინი, ვინც უკვე წლებია თბილისში ცხოვრობენ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებით კმაყოფილები არიან. მოსწავლეები ქართველი მეგობრების შეძენას აპირებენ, მშობლები კი სამშობლოში მალე დაბრუნების იმედს არ კარგავენ.

თბილისსა და რეგიონებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის განათლებას 668 უკრაინელი მოსწავლე იღებს.

 

დღის ამბები