04 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
რუსეთი ევროპას გაზით აშანტაჟებს - რა პასუხს იღებს კრემლი ევროკავშირიდან

რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას ადასტურებს ოფიციალური ვარშავაც და სოფიაც. მოსკოვში გადაწყვეტილების მიზეზად გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ასახელებენ.

პოლონეთს ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვს, ბულგარეთი კი უკვე ეძებს ალტერნატივებს. რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს არც ავსტრია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 2 მაისს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრის მიზანი არსებული ვითარების განხილვა და ასევე საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობაა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ კრემლს ენერგოშანტაჟით სურს ევროკავშირის ერთიანობის დანგრევა.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიების ნაწილმა, კერძოდ 4-მა კომპანიამ "გაზპრომს" საფასური რუბლებში გადაუხადა და 10 მზადაა იგივე მოიმოქმედოს.

ამ თემასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწია დღეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, "გაზპრომთან" ევროკავშირის კონტრაქტების 97% გადასახადის ევროში ან დოლარში გადახდას ითვალისწინებს და თუ ეს კომპანიები ამ ნაწილში შედიან, ჩაითვლება რომ ისინი სანქციებს არღვევენ, რაც აღნიშნული კომპანიებისთვის დიდი რისკი იქნება:

"ჩვენი წესები ძალიან მარტივად გასაგებია. თუკი კონტრაქტში არ არის გაწერილი რუბლებით გადახდა, ეს არის ჩვენი სანქციების დარღვევა. ევროკავშირის კონტრაქტების 97% ითვალისწინებს გადასახადის გადახდას ევროში ან დოლარში. ასე რომ ეს ძალიან ნათელია, რუსეთის მხრიდან მოთხოვნა რუბლით გადახდის, არის მათი ცალმხრივი მოთხოვნა და არ შეესაბამება არსებულ კონტრაქტებს. კომპანიებს, ვისაც გაფორმებული აქვთ ასეთი ხელშეკრულებები, არ უნდა დასთანხმდნენ რუსეთის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა სანქციების დარღვევა და დიდი რისკი ამ კომპანიებისთვის,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

დღის ამბები