16 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
აშშ-თან ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს და ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც აღიარებს - რიტორიკა მწვავეა, კრიტიკა ვაშინგტონიდან ყოველდღე ისმის

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს - ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო დღეებში და ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც აღიარებს. რიტორიკა მწვავეა, კრიტიკა ისმის ვაშინგტონიდან ყოველდღე. მაშინ, რატომ თქვა უარი მთავრობამ შეერთებულ შტატებში ვიზიტზე? ხელისუფლება ამბობს, რომ დათქმებით მიწვევა არასწორი სტრატეგიული პარტნიორობაა.

თბილისს აქვს სხვა პრეტენზიებიც - ელჩ დანიგანს ვაშინგტონის დათქმები გუშინ არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ შტატებში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ამერიკის დახმარების შესახებ უნდა ესაუბრათ.

"ქართული ოცნება" დღეს პოლემიკაში შევიდა შეერთებული შტატების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთანაც. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თავად დაწერა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მრჩეველს ის რევოლუციური მცდელობები შეახსენა, რომელიც, ყოფილი ელჩის მხარდაჭერით, საქართველოში იგეგმებოდა. სახდეპის ბოლოს განცხადებებს გამჭვირვალობის კანონზე პრემიერ-მინისტრი ცრუ განცხადებებს უწოდებს და თვლის, რომ დღეს არსებული ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს. ვაშინგტონიც მიანიშნებს, რომ ინიციატივას ჯერ კანონპროექტის სახე აქვს, ამიტომ ბლინკენის უწყება, ჯერჯერობით, არ შედის კონკრეტიკაში, რა შეიძლება მოჰყვეს მის დამტკიცებას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მიერ "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მალევე, "ტვიტერითვე", უპასუხა. დერეკ შოლეს თქმით, კანონპროექტი, რომლის მიღებაც იგეგმება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ამბობს, იმასაც, რომ შტატები საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებენ, ქვეყანა კვლავ გახადოს ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.

ამერიკელ მაღალჩინოსანთან საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა აქცენტი ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროებაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოლესთან საუბრის დროს, იმედგაცრუება იმ ფაქტების გამოც გამოხატა, რომელიც საქართველოში შტატების ყოფილ ელჩთან დაკავშირებით არსებობდა.

სახელმწიფო მდივნის მრჩევლის განცხადებას წინ საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა. სწორედ საელჩოს მხრიდან გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონმა, სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების საკითხის განსახილველად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შტატებში მიიწვია, თუმცა ქართულმა მხარემ ვიზიტზე უარი თქვა. მიზეზები დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთავაზება წინაპირობის - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის შეჩერების სანაცვლოდ იყო გაკეთებული. ქართული მხარისთვის დათქმით ვიზიტის განხორციელება პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება. 

დათქმების სანაცვლოდ გაკეთებულ შეთავაზებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციის ნაწილი. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო ამ ვიზიტს ქვეყნისთვის, მათ შორის - საგარეო კურსის მხრივ.

პარტნიორების მხრიდან წინაპირობებით საუბარი მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსთვის პრობლემაა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეცდებიან, პარტნიორები სანქციების აუცილებლობაში დაარწმუნონ. საპასუხო ზომებზე არ საუბრობენ შტატებში, რადგან დოკუმენტი ჯერ პროექტია. საქართველოში მიმდინარე პროცესებს რომ ენტონი ბლინკენი აკვირდება, ამაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც ისაუბრა. მეთიუ მილერის თქმით, გმობენ იმ ნარატივს, რომელიც სახელისუფლებო გუნდს კანონპროექტის დასაცავად ანტიდასავლური რიტორიკისთვის აქვთ.

მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ, მიუხედავად კრიტიკისა, ქვეყნის დამოკიდებულება სტრატეგიულ პარტნიორებთან საფრთხის ქვეშ არ დადგება.

რატომ არ უნდა იქცეს ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ""ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტი კანონად? ეს ამ დრომდე გაუგებარია მმართველი ძალისთვის. სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს მეტი არგუმენტაციისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები