საზოგადოების უკმაყოფილება, თბილისის მერის განმარტებით, ჩაკეტილმა გმირთა მოედანმა და სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირებამ გამოიწვია. ამაზე პასუხისმგებლობა კი, კახა კალაძის თქმით, აქციის იმ მონაწილეებს ეკისრებათ, რომლებიც გვიან ღამემდე გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობას აღარ აძლევდნენ, რამაც ქალაქში კოლაფსი გამოიწვია. მერი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა გუშინდელი ქმედებები თავისუფალი გამოხატვისა და კანონის ფარგლებში ჯდება. მათი განმარტებით, ახლა მთავარია, პროტესტით მმართველ ძალას დისკომფორტი შეუქმნან და კანონპროექტის უკან გაწვევა აიძულონ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო კოლაფსზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ეს არის.
მიმდინარე აქციებსა და დისკომფორტზე, რომელიც გადაკეტილი გმირთა მოედნით მოქალაქეებს შეექმნათ, ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ქალაქში.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროტესტის ორგანიზატორების მთავარი მიზანი ქვეყანაში ქაოსისა და არეულობის მოწყობაა. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ გუშინ, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ მოედანზე განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა - ძალადობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან გმირთა მოედნის ბლოკირებამ ადამიანთა შეფერხება და მრავალსაათიანი საცობი გამოიწვია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" გარშემო მიმდინარე პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი", 2 მოსმენით, უკვე დამტკიცებულია. მოქალაქეები პროექტს რამდენიმე დღეა აპროტესტებენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.