16 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
პარალიზებული გმირთა მოედანი, სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და 23 დაკავებული - გუშინ კიდევ ერთი მძიმე ღამე იყო თბილისში

2 მაისის აქცია პარლამენტსა და თბილისის მთავარ გამზირს გასცდა - მოიცვა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ლოკაციასთან ერთად, გუშინ განსხვავებული იყო პროტესტის ფორმაც.

პერფორმანსების პარალელურად, დემონსტრანტები ცდილობდნენ ცენტრალური საავტომობილო გზების გადაკეტვას. გმირთა მოედანზე და მის მიმდებარედ, რამდენიმე საათით, მოძრაობა პარალიზებული იყო. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ეს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო.

პოლიცია ცდილობდა, გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. "კურიერის" კამერამ გმირთა მოედანზე სამართალდამცველების მიერ ტერიტორიიდან ათზე მეტი დემონსტრანტის დაკავება გადაიღო.

დროდადრო, გზების გადაკეტვას ინციდენტები ახლდა - აქციის მონაწილეები და მძღოლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

დემონსტრანტები მძღოლების პროტესტს არ იზიარებდნენ. მოძრაობა მაინც შეაჩერეს და გზას მხოლოდ სასწრაფოსა და იმ ავტომობილებს უთმობდნენ, რომლის მგზავრიც ბავშვი ან ხანდაზმული იყო.

ქალაქის ქუჩების ბლოკირებას ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი არ ემხრობა. ალექსანდრე რაქვიაშვილი აქციას შეუერთდა, თუმცა თქვა, რომ მისთვის პროტესტის სხვა ფორმები უფრო მისაღებია.

პროტესტის გაგრძელება დააანონსეს პოლიტიკოსებმა. მათი განცხადებით, წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში ისევ ძალაშია, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს იქნება. აქციის მოთხოვნა უცვლელია - ხელისუფლებამ "გამჭვირვალობის კანონი" უკან გაიწვიოს.

გასული ღამეს, აქციაზე სულ 23 პირი დააკავეს. დემონსტრანტებს ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი პირები ადვოკატებმა მოინახულეს.

"გამჭვირვალობის კანონპროექტის" მოწინააღმდეგეთა აქცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე თითქმის 10 საათს გაგრძელდა. იყო არაერთი მსვლელობა და იყო არაერთი ქუჩის ბლოკირება. ცენტრალური ადგილი კი გუშინ გმირთა მოედანი იყო.

დღის ამბები